შაბათი, 2024-04-20, 1:34 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 12 » შავი ზღვა
9:25 PM
შავი ზღვა

ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით ბოსფორის სრუტით — მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით — ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად იჭრება ევრაზიის კონტინენტში.

მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³. მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილოეთ-დასავლეთით — ლიმანური. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონი, მცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. ჭარბობს დიდი სიღრმეები. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. სხვა სანაპიროების გასწვრივ წყალმარჩხი ზოლის სიგანე დიდი არ არის.

შავ ზღვას დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ინარჩუნებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას. სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში არის რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტის ძირითადი სამხედრო ბაზები; სინოპსა და სამსუნში — ბაზირდება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავიზღვისპირა დაჯგუფების გემები; ვარნაში — ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ფოთსა და ბათუმში — საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, კონსტანცაში და მანგალიაში — რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები. შავ ზღვა თევზჭერის მნიშვნელოვანი რაიონია. შავი ზღვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები ხელს უწყობს კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია ყირიმის სამხრეთი ნაპირი, რომლის ცენტრია იალტა, კავკასიის სანაპიროზე — სოჭი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი, ბათუმი, ანაპა, გელენჯიკი; ბულგარეთში — ზლატნი-პასიცი და სლინჩევ-ბრიაგი, რუმინეთში — მამაია.

მნიშვნელოვანი უბეებია: კარკინიტის, კალამიტის, დნეპრ-ბუგის, დნესტრის, ვარნის, ბურგასის, სინოპის, სამსუნის და სხვა. კუნძულები ცოტაა, მნიშვნელოვანია — ბერეზანი და ზმეინი. მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: ბათუმი, ბურგასი, კონსტანცა, გირესუნი, ხოფა, სტამბული, ქერჩი, მანგალია, ნევოდარი, ნოვოროსიისკი, ოდესა, ორდუ, ფოთი, რიზე, სამსუნი, სევასტოპოლი, სოჩი, სოხუმი, ტრაბზონი, ვარნა, იალტა და ზონგულდაქი.

ტამანის ნახევარკუნძულიდან საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარე ჭოროხის შესართავის სამხრეთ ტერიტორიამდე გადაჭიმულია კავკასიური რივიერა, რომლის სიგრძეა 725 კმ. შავი ზღვის აუზის კავკასიის რეგიონში დამახასიათებელია ბუნების ვერტიკალური ზონალობა. აქ მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატისა და ჰიდროგრაფიის დამოკიდებულება. შავი ზღვის აუზის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი შხარა (5068 მ).

საქართველოს დასავლეთით 310 კმ სიგრძეზე ეკვრის შავი ზღვა, რომლის მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო კავშირურთიერთობების ძირითად არტერიას. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, შესაბამისად იგი მოხერხებული აკვატორიაა ნაოსნობისათვის. საქართველოზე მოდის შავი ზღვის სანაპირო სიგრძის 9%. გარდა ამისა, იგი დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე.

პონტოს შესახებ პირველი დოკუმენტური ცნობები მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. შავ ზღვას ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს (Pontos Axeinos, სიტყვასიტყვით — არასტუმართმოყვარე ზღვა), ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში — პონტოს ევქსინოსს (Pontos Evxeinos — სტუმართმოყვარე ზღვა). IX-XX საუკუნეებიდან არაბები უწოდებნდენ რუსეთის ზღვას, XV საუკუნიდან თურქები — ყარადენიზს (Karadeniz — შავი ზღვა). პონტოს ევქსინოსი ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყოს ცნობილი. პონტოს ევქსინოსის შესახებ ცნობები მოიპოვება ჰომეროსის ოდისეაში.

 


 

ნანახია: 662 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar