ხუთშაბათი, 2024-12-12, 0:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2014 » ივლისი » 10 » ზოლებიანი აფთარი
11:57 AM
ზოლებიანი აფთარი

მისი სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი გასდევს, რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე მინდაოში 70 სმ, მენჯში — 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგელიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს).

სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს.

გავრცელებულია მთელ აფრიკასა და აზიაში (მათ შორის შუა აზიაში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში). XIX საუკუნის ბოლომდე აღწევდა თბილისის მიდამოებამდე. ბინადრობდა მახათის მთაზე, ქორქის ტბასთან, კუკიაზე, მარტყოფში, ახმეტაში (ბახტრიონთან), ბევრი იყო შირაქში. თითო-ოროლა ეგზემპლარი ახლაც არის შემორჩენილი ალაზნის სანაპიროზე — შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. იკვებება ლეშით.

მძუნაობს იანვარში, მაკეობა 90 დღე-ღამე გრძელდება, შობს 2—4 უსუსურ, თვალებაუხილავ ლეკვს. სოროს არ იკეთებს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს. მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იგი ბუნების სანიტრის როლს ასრულებს, მაგრამ ხშირად თავს ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს. მისი რაოდენობა ყველგან შემცირებულია. ერთეულს ინახავენ ზოოპარკებში. შეტანილია ყველა წითელ წიგნში.

 


 

ნანახია: 644 | დაამატა: Web_Garsa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar